ვაჟა და აკაკი
ვაჟა-ფშაველას
ნაშრომების სალიტერატურო ენამ ადრე მკითხველი საზოგადოების განსაკუთრებული ყურდღება
მიიქცია. სოლომონ ყუბანეიშვილის მიერ (“ვაჟა-ფშაველას დოკუმენტები და მასალები”)
ერთად შეკრული მასალებიდან ირკვევა, რომ პოეტის სალიტერატურო ენის გარშემო დიდი დავა
და აზრთა სხვადასხვაობა დაბადებულა. ამ დავამ და კამათმა თავისებური სახით ჩვენს დრომდისაც
მოაღწია. მაგრამ ადრევე ვაჟა—ფშაველას ენის გარშემო ატეხილი კამათი არ წარმართულა სწორი
გზით და იმდროინდელი კრიტიკა ვერ გაარკვია მთის პოეტის ენობრივ მეურნეობაში და თავისი
მოთხოვნილება უბრალოდ სწორი მართლწერით განსაზღვრა.
ვაჟა-ფშაველა
უფრო ღრმად უყურებდა ამ საკითხს და ცდილობდა თავის სალიტერატურო ენის სისწორე მეცნიერულად
დაესაბუთებინა და მწერლობაში ფშაური კილოსათვის უფლება მოეპოვბინა და მისი საჭიროების
აუცილებლობა დაემტკიცებინა. იგი უკომპრომისო შემოქმედი იყო და თავისი შეხედულებიდან
გადახვევა არ იცოდა.
მას არ შეეძლო თავისი პოეტიკის რომელიმე მუხლი დაეთმო
და, კერძოდ სალიტერატურო ენის საკითხში მოწინააღმდეგეებს დამორჩილებოდა.
ვაჟა-ფშაველა თურმე თავისი პოეტური ენით ამაყობდა
კიდეც. ერთხელ დავით კლდიაშვილისათვის უთქვამს: “მე ამ ჩემი ენით მომწონს თავიო”. იგი წერილებში
ამტკიცებდა, რომ მთამ უკეთ შემოინახა ქართული ენა, ვიდრე საქართველოს ბარმა.როცა ერთ
რედაქციაში მისი ენა დაუწუნებიათ და კუთხურად ჩაუთვლიათ, პოეტს განუცხადებია:
“ბარელნო, ნამდვილი ქართული ვერ გაგიგიათო”. იგი
მწერლობაში მხოლოდ შოთა რუსთაველისა და დავით გურამიშვილის სალიტერატურო ენას მიიჩნევდა
სანიმუშოდ. თავის სალიტერატურო ენას თავგამოდებით იცავდა და, მართლაც მისი პოეზია არ
წარმოიდგინება იმ სიტყვიერი მასალის, იმ სიტყვიერი კულტურისა და იმ შენელებული კუთხურობის
გარეშე,რაც “ალუდა ქეთელაურის” ავტორის პოეზიას გააჩნია. ასე ასაბუთებდა ვაჟა-ფშაველა
თავის შეხედულებას სამწერლო ენაზე. ამტკიცებდა, რომ ხალხი, ერი, დედა ენისა, ბადებს
და ზრდის ენას, როგორც დედა შვილსო. ყოველი ეთნოგრაფი და საერო მწერალი კი მოვალეა,
ყველა საყურადღებო ხალხური სიტყვა ან ფორმა გააცნოს ლიტერატურულ ენას. თუ ეს სიტყვა
და ფორმა შეეფერება ენის ხასიათს, ამით არაფერი დაშავდებაო… ფშაველებს ამ შემთხვევაში
საპატიო ადგილი
ეკუთვნით, საყურადღებოა იმათი კილო და ფორმები, სხვათა შორის, იმიტომაც, რომ იმათ უფრო
მეტი საშუალება ჰქონიათ, ქართული ენა დაეცვათ წმინდად. შეუბღალავად… ფშაველებზე ნაკლებად
ჰქონდა ზეგავლენა ოსმალებსა და სპარსელებს.
აკაკი წერეთელი,
რომელიც მთის პოეტის მოწინააღმდეგედ ითვლებოდა სალიტერატურო ენის საკითხში, წერდა:
“იმ დროს, როცა რუსთაველი არსებობდა, საქართველო შეადგენდა ერთ სამეფოს და არ იყო განაწილებული.
მაშინ ენაც ერთი ქონიათ. ე. ი. ის ენა, რომელიც რუსთაველს უხმარია. შემდეგ საქართველო
დანაწილდა სამთავროებად. ხშირად ერთი სამთავრო იყო მტრის მონობაში და გავლენის ქვეშ,
როდესაც მეორე თავისუფლად რჩებოდა. ამგვარად დამონებულ სამთავროში რომელიმე ქართული
სიტყვა იკარგებოდა და მის ნაცვლად სხვა უცხო სიტყვა შემოდიოდა, მაშინ როდესაც დაუმონებელ
სამთავროში რჩებოდა ის სიტყვა. დღეს ჩვენი ვალია, რომ ეს სიტყვები მოვაგროვოთ და შემოვიტანოთ
ენის საუნჯეში და არ გავდევნოთ მხოლოდ იმისათვის, რომ ამ სიტყვას ქალაქში კინტოები
არ ხმარობენ”. ა
კაკი წერეთლის
ეს მოსაზრება ზოგადად სრულიად არ ეწინააღმდეგება ვაჟა-ფშაველას შეხედულებას სალიტერატურო
ენის საკითხზე. მაღალი მთის მგოსანიც ამტკიცებდა: “ბარი ხშირად დაპყრობილი იყოო… სპარსეთის
და ოსმალეთის მიერ, ეს დამპყრობლები ფშავამდე ვერ აღწევდნენ. ამიტომ ფშავმა ბევრი წმინდა
ქართული სიტყვა და გამოთქმის ფორმები შემოინახა და იგი ახალ სალიტერატურო ენაში უნდა
შევიდესო”… აკაკი წერეთელიც ამტკიცებდა, ზოგიერთი ლექსიკური მასალა ქართულ მწერლობაში
იმერეთიდან და სხვა კუთხიდან შემოტანილ იქნესო. იგი აღიარებდა, საჭიროების დროს მეგრული
მეტყველების მოშველიებაც შეიძლებაო. “განთიადის” ავტორმა რამდენიმე მეგრული სიტყვა
ქართულ მწერლობაში თავისუფლად დაამტკიცა კიდეც. მიუხედავად სალიტერატურო ენის საკითხზე
აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას აზრთა ერთგვარობისა, “განთიადის” ავტორი უბადლო მთის
პოეტის ქართულ მეტყველებას იწუნებდა და ებრძოდა კიდეც ვაჟა-ფსაველას სალიტერატურო ენის
მიდრეკილებას:
ენას გიწუნებ,
ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს,
მკითხველიც იმას მკისაო…
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს,
მკითხველიც იმას მკისაო…
თითქოს გაუგებარია
აკაკი წერეთლის ასეთი სიმკაცრე, მით უმეტეს, მისი ზოგადი შეხედულება სამწერლო ენაზე
არ უარყობდა კუთხური სიტყვიერი მასალის გამოყენებას. შეიძლება მას გადამეტებულად მიაჩნდა
მთის მომღერლის ფშაური დიალექტით გატაცება და მის პოეზიაში კუთხური სიტყვიერი მასალის
მოჭარბებულად გამოყენება? ეგებ იგი ზომიერების დაცვას მოითხოვდა! თუ ეს ასეა, მაშინ
საკითხი სულ სხვა კუთხით უნდა იქნეს განხილული და სხვა მხრივ უნდა იყოს გაშუქებული.
ისე კი “განთიადის” ავტორის შეხედულება სამწერლო ენაზე და მისი უარყოფითი დამოკიდებულება
ვაჟა-ფშაველას ენისადმი გაუგებარია, ერთგვარი წინააღმდეგობის შემცველია. ეგებ აკაკი
წერეთლის შენიშვნა მარტო გამოთქმის ფორმებს ეხება? უფრო მკაცრი შეფასება მისცა ვაჟა-ფშაველას
სალიტერატურო ენას მწერალმა პეტრე მირიანა შვილმა. ეტყობა, სილოვგან ხუნდაძეც არ ყოფილა
კმაყოფილი მთის მგოსნის სამწერლო მეტყველბით. აკაკი წერეთელს “ბახტრიონის” ავტორი
“მარგალიტების მთესველად” მიაჩნდა, ხოლო სხვები ამ სალიტერატურო ენის გამო უფრო მკაცრ
შეფასებას აძლევდნენ ვაჟა-ფშაველას მთელ შემოქმედებას. ვაჟა-ფშაველას კი აუცილებლად,
თავის შემოქმედბის განუყრელ თვისებად მიაჩნდა მის მეირ შემუშავებულ სამწერლო ენა, იგი
დიდ ფიქრს, მასალის შესწავლისა და პოეტური მუშაობის შედეგად დაიბადა. ვაჟა-ფშაველას
გააჩნდა თავისი შემოქმედებისათვის საჭირო ზომიერების გრძნობა და უდიდესი მხატვრული
ტაქტი, რომელიც თავის დროზე არ იქნა შემჩნეული და შესწავლილი. უპირველეს ყოვლისა, პოეტის
პროზა დაწერილია ყოველგვარი კუთხური გამოთქმების გარეშე და ზუსტი ხატოვანი ქართული
ენით. მხატვრულ პროზაში ფშავური კილოს გავლენა თითქმის არ იგრძნობა. ვაჟა-ფშაველას
პროზაში ძლიერ ძუნწად გაბნეული კუთხური ლექსიკური მასალაც თითქოს გაშალაშინებულია და
დახვეწილია, იგი გამჭვირვალეა და მხოლოდ ნაწარმოების ელფერისათვის არისგამოყენებული,
ბუნების წიაღში დაბადებული სუფთა ქართული მეტყველება.
ვაჟა განაწყენდა პოეტის
შენიშვნაზე, მაგრამ როგორც
დიდ ადამიანებს შეჰფერით,
მანაც ლექსად გასცა
ტაქტიანი პასუხი.
ამით ამოიწურა
გაიგებრობა და როცა მადლიერმა ერმა აკაკის იუბილე
გადაუხადა ქუთაისში, ვაჟამ გულწრფელად დიდი სიყვარულით მიულოცა.
Комментарии
Отправить комментарий