იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებიდან


ხალხურ ლექსებს და ვაჟა-ფშაველას, ამათ ყოველთვის დიდი ადგილი ეთმობოდათ გაზეთში. ვბეჭდავდით აგრეთვე დავითაშვილის ლექსებს, თუმცა იმასაც ბევრი მდარე ლექსები მოჰქონდა ხოლმე, მაინც რედაქციის კარს არ ვუხშავდით: ესეც იმავე ხალხური პოეზიის წარმომადგენელი იყო.
კარგად მახსოვს იოსებ დავითაშვილი, მშვიდი, წყნარი, მორიდებული, მორცხვი. მოვიდოდა რედაქციაში, შემოაღებდა კარებს და გაჩერდებოდა.
— გამარჯობა, იოსებ! რას სდგეხარ მანდა, მოდი, აი სკამზე ჩამოჯექ.
იოსები მაინც ადგილიდან არ იძვრებოდა და მხოლოდ ტუჩებზე ოდნავ ღიმილი მოუვიდოდა. ისე ეჭირა თავი, თითქოს რაღაცა დანაშაული მიუძღვის ჩვენ წინაშე და ბოდიშს იხდისო.
— იოსებ, შენ უსაქმოდ არ მოხვიდოდი, გექნება რამე? — ვეტყოდით, რომ ცოტათი გაგვემხნევებინა და გაბედულობა მიგვეცა.
მაშინ იოსები უფრო მხიარულად გაიღიმებოდა, წაიღებდა უბეში ხელს და ამოაძვრენდა იქიდან რამდენჯერმე დაკეცილ ქაღალდს. კარგად ვიცოდით რაც იყო ქაღალდში. მაინც ვკითხავდით:
— იოსებ, ეს რა არის, რაზე გარჯილხარ?
ახლა კი გაჰბედავდა ხმის ამოღებას და გვეტყოდა მორცხვობით: აი, პატარა ლექსი მოგიტანეთ.
გადმოგვცემდა და ისევ მოწყენილი სახით დადგებოდა კარებთან, მანამ ჩვენ იმის ლექსს გადავიკითხავდით. თუ მოვუწონებდით, ისე გაუხარდებოდა, თითქოს დიდი, ძვირფასი რამ საჩუქარი მიგვეცეს. წარმომიდგენია, მეორე დღეს მისი სიხარული და ნეტარება, როდესაც თვით იგი თავის ლექსს დაბეჭდილს ნახავდა. ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ, როდესაც დავითაშვილი ლექსსა სწერდა, მთელ თავის არსებას შიგ აქსოვდა, რომ ლექსი ამისთვის დასვენება კი არ იყო, ან გასართობი რამ სათამაშო, არა, ლექსი იმისათვის მთელი იმისი სიცოცხლე იყო, მთელი იმისი სული და გული. გულუბრყვილო იყო იოსები, როგორც ბავშვი, და უმეტეს ნაწილ მის ლექსებშიაც ასეთი გულუბრყვილობა არის გამოხატული. ტყუილად ხომ არ აიღო საყმაწვილო ჟურნალმა «ჯეჯილმა» დევიზად თავის გამოცემისა დავითაშვილის ლექსი:
იზარდე, მწვანე ჯეჯილო,
დაპურდი, გახდი ყანაო!
დავითაშვილი ხელოსანი იყო, დურგალი, მუდამ რაღაცა დატანჯული სახით გამოიყურებოდა. როცა კი მინახავს, სულ ერთი და იგივე ტანისამოსი ეცვა: ტანზე გარუჯული, გახუნებული შალის ჩოხა, თავზე ისეთივე გახუნებული გარიბალდის ქუდი და ფეხზე ხარაზის ჩუსტები. ეს იყო მთელი მისი სამკაული.
არ დამავიწყდება, როგორ დაღონდებოდა და დაეღრიჯებოდა ხოლმე სახე, თუ ლექსს დავუწუნებდით. სწორედ პატარა ბავშვს მოგაგონებდათ, რომელიც ტუჩებს ჰკუმავს და სატირლად ემზადება, თუ მშობლებმა სურვილი არ აუსრულეს. დასამშვიდებლად და სანუგეშებლად ვეტყოდით ხოლმე:
— რას სწუხარ, იოსებ? განა მარტო შენ ხარ? ხშირად დიდ პოეტებსაც ვერ გამოუვათ ხოლმე კარგი ლექსი, რა უშავს. დღეს ლექსი სუსტი გამოვიდა, ხვალ უკეთესს დასწერ, გულს ნუ გაიტეხ, პირველად ხომ არ სწერ. რომ შენ ნიჭს ვაფასებთ, აი იქიდგანაც დაინახავ, რომ «ჯეჯილს» პირველ გვერდს შენი ლექსი ამშვენებს: იზარდე, მწვანე ჯეჯილო…
ამ უკანასკნელ სიტყვების გაგონებაზე, ცოტა გული მოულბებოდა და შინ დამშვიდებული წავიდოდა. ერთი-ორი კვირის შემდეგ ჩვენი იოსები ისევ გამოჩნდებოდა, ისევ კარებში აიტუზებოდა და ჩვეულებრივი ღიმილით სუფთად დაკეცილ ქაღალდს გადმოგვცემდა.
სოფრ. მგალობლიშვილმა მუდმივ მუშაობას თავი დაანება. იმის მაგიერ უნდა მოგვეწვია ვინმე. სწორედ ამ დროს ვაჟა-ფშაველა უადგილოდ დარჩა და, რადგან მე და გ. ყიფშიძე კარგად ვიცნობდით, ვარჩიეთ ილიასთან მოგველაპარაკნა და ვაჟა რედაქციაში მოგვეწვია მუდმივ თანამშრომლად. რა გამოვიდა ამ თანამშრომლობიდან, ქვემოდ გაიგებთ. ჯერ კი ცოტა უკან უნდა დავბრუნდე და გაგაცნოთ ვაჟას ვინაობა.
ვაჟა-ფშაველა ლიტერატურული ფსევდონიმია. ნამდვილი მისი გვარი იყო ლუკა რაზიკაშვილი. ლუკა მღვდლის შვილი იყო, სოფელ ჩარგალიდგან. ეს სოფელი ფშავეთის ერთ მივარდნილ ადგილშია, უწინდელ თიანეთის მაზრაში. ლუკას სამი ძმა კიდევ ჰყვანდა. ორი მათგანი — თედო და ბაჩანაც, მწერლები იყვნენ. თედო მოხდენილად სწერდა უფრო საყმაწვილო პატარპატარა მოთხრობებს; ბაჩანა დიდად ნიჭიერი პოეტი იყო და ზოგიერთი მისი ლექსი სიმძლავრით და პოეტური აღმაფრენით ვაჟას ლექსებს არ ჩამოუვარდებოდა.
ვაჟას მამაზე ბევრთაგან გამიგონია, რომ ბუნებით დიდი ჭკუის კაცი იყოვო, წიგნის მოყვარული და დიდი მცოდნე ქართული ისტორიისა. სხვათა შორის, იმას მიაწერდნენ იმის ახსნას, თუ საიდგან წარმოსდგა სიტყვა ხევსური, სახელწოდება მთიელთა ერთი ნაწილის მცხოვრებლებისა. ასე ჰხსნიდა თურმე ვაჟას მამა: როდესაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა აიკლო და გაანადგურა იერუსალიმი და ებრაელები განფანტა მთელ დედამიწის ზურგზე, ბევრი ამათგან გადმოსახლებული იყო აგრეთვე კავკასიონის მთების ხევებში, და აი სწორედ ამ ხევში დასახლებულ ებრაელებს უწოდეს სახელად ხევის ურიები, ანუ, ცოტა შემოკლებით — ხევსურები. აქედგან თითონ ამ ადგილებსაც დაერქვა ხევსურეთი. არ ვიცი, პატივცემულ ვაჟას მამას რომელ «ისტორიულ წყაროდგან» ჰქონდა ამოღებული ეს ცნობა, მხოლოდ ეს კი ეჭვს გარეშეა, რომ ამის მთქმელს ჭკუა-მახვილობა ეტყობა და უფრო კიდევ დიდი ფანტაზია. იქნება მამისაგან გამოჰყვათ მის შვილებს ის პოეტური ფანტაზია, რომელმაც ასეთი ზეაღმტაცი ფრთები შეისხა მეტადრე ვაჟას ნაწარმოებში.
ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი სოფელ თონეთში, რომელიც მანგლისის ახლოს მდებარეობს, სულ ოთხი ვერსტის სიშორეზე. ეს ასე მოხდა: ვაჟა მასწავლებლად იყო თონეთის სკოლაში, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოებას ექვემდებარებოდა. ერთხელ საზოგადოებას ქაღალდი მოუვიდა, საიდგანაც ვცანით, რომ ვაჟას რაღაცაზე ჩხუბი მოჰსვლია მანგლისში მყოფ ჯარის აფიცრებთან და ხელის შეხებით შეურაცხყოფა მიუყენებია. საზოგადოებამ დაადგინა, გაეგზავნა მმართველობის რომელიმე წევრი, ადგილობრივ საქმის გამოსაკვლევად. მე მაშინ საზოგადოების მდივნად ვიყავი და მე მომიხდა თონეთში წასვლა. აქ ვაჟას ნაამბობიდან შემდეგი გავიგე: თონეთში სამი რუსის ოფიცერი მოსულიყო და დუქანში ქეიფი გაემართათ, მიეწვიათ ვაჟაც. სმის დროს ერთ აფიცერს რაღაც არასაკადრისი სიტყვა ეთქვა ქართველების შესახებ; ეს ვაჟას შეურაცხყოფად მიეღო და სილა გაერტყა ამ აფიცრისათვის. ატეხილიყო ჩხუბი, აურზაური, ვაჟასთვისაც ბევრი ეცემათ, მაგრამ ამასაც არ დაეკლო. გაეშველებინათ, და ამით გათავებულიყო საქმე.
თუმცა მაინცდამაინც დიდი არაფერი მომხდარიყო, მაგრამ შესაძლებელი იყო, საქმე ცუდად დატრიალებულიყო. რაც უნდა იყოს, მაინც აფიცერი იყო შეურაცხყოფილი. ვაჟა თითონაც გრძნობდა ამას და მითხრა: თუ საზოგადოებას რაიმე უსიამოვნება მოელის ჩემი გულისათვის, მე თითონ დავანებებ თავს აქაურ მასწავლებლობას, მაინც გული არ მიდგება ამ გადაყრუებულ ადგილას.
ვაჟას სკოლაში ჰქონდა ბინა და მეც მასთან ჩამოვხდი. საღამოს ოჯახობამ რომ მოისვენა, მე და ვაჟა მარტო დავრჩით. ვაჟამ ლაპარაკი ჩამოაგდო «ივერიაზე» და, სხვათა შორის, მკითხა: აი ლექსები და პატარა მოთხრობები მაქვს დაწერილი და «ივერია» ხომ არ დამიბეჭდავსო. მერე გამოალაგა დიდრონი რვეულები და წამიკითხა ჯერ «შვლის ნუკრის ნაამბობი», საყმაწვილო მოთხრობა, მერე პოემა, «მოხუცის ნათქვამი». ჩემს აღტაცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ვუთხარი:
— შე კაი კაცო, თუ მაგისთანა ძვირფასი მარგალიტები მოგეპოებოდა, აქამდინ რას ინახავდი ძუნწივით, ზანდუკში ჩაკეტილებს. მომეცი, ხვალვე წავიღებ «ივერიაში», დიდის სიამოვნებით დავბეჭდავთ, და სასყიდელსაც მიიღებ.
ვაჟა ნასიამოვნები დარჩა, მხოლოდ მითხრა: მოთხრობა უკვე გავგზავნე საყმაწვილო ჟურნალში დასაბეჭდად, და «მოხუცის ნათქვამს» კი ცოტა კიდევ გადავათვალიერებ. ჩქარა მე თითონ ჩამოვალ ქალაქში და ამეებსაც ჩამოვიტან. სხვებიც ბევრი მაქვს ნაწერიო, და მაჩვენა ერთი კარგად მოზრდილი რვეული, სადაც მოთავსებული იყო დიდი პოემა, სახელად «თამარიანი». მერე, აღარ მახსოვს, ასე დაბეჭდა ეს პოემა, თუ შესცვალა და სხვანაირად გადააკეთა.
რამდენჯერმე კიდევ გადავაკითხვინე «მოხუცის ნათქვამი». მეტადრე მომეწონა ის ადგილი, სადაც მოხუცი ამბობს მეფე ერეკლეზე.
არწივს მაღლისა მთისასა
ნეტავ, რად უნდა ქებანი.
ამ მოსწრებულმა, მოსხლეტილმა შედარებამ ისე იმოქმედა ჩემზე, თითქოს უცბად ცამ გაიელვა და თვალები მოულოდნელად გაგინათაო.
მეორე დღეს გაკვეთილებზე დავესწარ სკოლაში. ვაჟა უხსნიდა ბავშვებს, თუ რა არის ერთეული. აგერ წამოაყენა ერთი პატარა, ეგრე ექვსი-შვიდი წლის ბიჭუნია, ცოცხალი, ცქრიალა თვალებიანი, ღია სანდომიანი სახის და ჰკითხა: აბა, შენ მითხარი, რა გყავთ შინ ერთადერთი. იმანაც ჩამოთვალა: დედა, მამა, ძმა, მურია ძაღლი, ძროხა.
აქ მეორე ბავშვმა თითი აიშვირა, მაგრამ ვეღარ დაიცადა, რას ეტყოდა მასწავლებელი, და მიაძახა:
— რასა სტყუი, ბიჭო? ერთი კი არა, ორი ძროხა გყავთ!
— ის მეორე ხომ ბერწია, — დაუყოვნებლივ უპასუხა პირველმა.
ეს პასუხი მეტად საგულისხმიერო იყო, როგორც გამომსახველი გლეხის ბავშვის შეხედულებისა. იმას ისე წარმოედგინა, ვითომ ძროხას ეწოდება ძროხობა მხოლოდ მაშინ, თუ ხბო ჰყავს და რძეს იძლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არც ძროხაა, არც ხარი, არამედ საშუალო რაღაც არსება.
ტფილისში დაბრუნებისას ერთხელ კიდევ გადავიკითხე საყმაწვილო ჟურნალ-ში დაბეჭდილი «შვლის ნუკრის ნაამბობი», და იმ დღესვე მოვათავსე «ივერიაში» რეცენზია, სადაც, სხვათა შორის, ვამბობდი: ასეთი მოთხრობის დაწერა შეუძლიან მხოლოდ დიდ ნიჭს. ამ მოთხრობას ერთგვარი სიამოვნებით წაიკითხავს როგორც დიდი, ისე პატარა მკითხველი. და სწორედ ეს არის უტყუარი საბუთი ნიჭის სიდიადისა. და შესადარებლად მოვიყვანე დიდებული გიოტეს «რეინეკე ლისი», რომელიც ერთგვარად სასიამოვნო წასაკითხი და საგულისხმიეროა როგორც დიდი ადამიანებისათვის, ისე პატარა ბავშვებისათვის. ამას ვუმატებდი: ვაჟას ერთგვარ ეხერხება წერა, როგორც პროზით, ისე ლექსად. ორთავე გვარს წერისას აზის უტყუარი ნიშანი მაღალი ნიჭიერებისა, პოეტურ შემოქმედების ძალისა. ასეთი შეზავებული ნიჭის პატრონი დიდს იმედებს იძლევა და, ეჭვი არ არის, ვაჟა-ფშაველა საპატიო ადგილს დაიჭერს ჩვენს დიდ მწერალთა შორის.
ილიამ რომ ეს რეცენზია წაიკითხა, შემოვიდა რედაქციაში და გვითხრა: აბა ერთი მაჩვენეთ ეგ მოთხრობებიო; წავუკითხეთ, კითხვის დროს ილიას სიამოვნების შუქი გადაჰკრავდა სახეზე. კითხვა რომ გავათავეთ, ილიას აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა: წარმავალმა დიდმა ნიჭმა გულით იგრძნო მომავალი დიდი ნიჭი.
კოჭებზედვე ეტყობა, რა ვაჟიც უნდა გამოვიდეს მაგ ვაჟასაგან, შორს წავა, შორს! გაიძახოდა ილია თავის ჩვეულებრივ შორსმჭვრეტელობით.
მომაგონდა რუსეთის გამოჩენილი კრიტიკოსის ბელინსკის სიტყვები, თქმული ლერმონტოვის შესახებ, როდესაც ეს პირველად გამოვიდა სალიტერატურო ასპარეზზე და თავისი მაღალნიჭიერი ლექსებით ყველა გააკვირვა, გააოცა. ბელინსკის ჰკითხეს: ეს მეორე პუშკინი ხომ არ არისო. და მაშინ ბელინსკიმ იწინასწარმეტყველა: «Нет, он далеко пойдет, превзойдет Пушкина: слишком широко шагает».
შემდეგ, ცოტა გვიან, ვაჟამ თავისი «მოხუცის ნათქვამი» მოგვიტანა «ივერიაში» დასაბეჭდად. რედაქციაში შევიკრიბენით თანამშრომლები. ხელთნაწერი წავიკითხეთ. მკითხველის მოვალეობა კისრად ედვა გიგა ყიფშიძეს, რომელსაც რედაქციის მედავითნეს ვეძახდით. გიგამ თავისებურად, გრძნობით გადააბულბულა.
— გიგა, აბა ერთი კიდევ გადაიკითხე, — ეუბნება. ილია.
გიგამ გადაიკითხა, ილია დიდხანს ჩაფიქრებული იჯდა. ეტყობოდა, დიდი შთაბეჭდილება იქონია წაკითხულმა. მერე თითქოს ძილიდან გამოერკვაო, ილიამ აღტაცებით წამოიძახა შემდეგი სიტყვები, რომელიც ბელინსკისებურად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა:
— არა, ჩვენ, ძველებმა ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ! გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ!
იქნება ეს სიტყვები ცოტა გადამეტებულიც იყო, მაგრამ სიმართლეს კი არ იყო მოკლებული. რომაელები იტყოდნენ ex ungue leonem… ე. ი. ბრჭყალებზე სცანით ლომიო. ილია შთაგონებით მიჰხვდა, რომ ახლად გამონავარდებული ლომის ლეკვისაგან დიდი და მძლავრი ლომი გამოვიდოდა.
ვაჟას რედაქციაში მოწვევა მუდმივ მუშაობისათვის გადაწყვეტილი იყო. მხოლოდ ილია ცოტად ეჭვობდა და გვეუბნებოდა:
— კარგსა ვშვრებით, გამოგვადგება? ან კიდეც რომ გამოგვადგეს, ცოდო არ იქნება, მაგისი ნიჭი გაზეთის მუშაობაში ჩავკლათ?!
მართალს ამბობდა ილია. აქაც წინასწარ გრძნობამ არ უმტყუნა მას, და მალე თვით ვაჟამ მოგვცა პასუხი ზემოდ მოყვანილ საეჭვო საკითხზე.
ვაჟამ რედაქციაში იმუშავა მხოლოდ სამი დღე. ვაძლევდით გადასაკითხად და გასასწორებლად კორესპონდენციებს, ვათარგმნინებდით პატარა წვრილ ამბებს რუსული გაზეთებიდან. ორ დღეს მუშაობდა, თუმცა იმის მუშაობას დიდი ხალისი არ ეტყობოდა. მოვიდა რედაქციაში მესამე დღეს. ცოტა ჩაფიქრებული იყო, მივეცი რუსული გაზეთი, მოვუხაზე ერთი ადგილი უცხოეთის ცხოვრების ამბებიდგან და ვუთხარი:
— აბა, ლუკა, ეს ადგილი მალე გადათარგმნე, თორემ სტამბა ძალას გვატანს და მასალა კი ცოტა გვაქვს.
მე საქმეებში გავერთე და ვაჟა დროებით გადამავიწყდა. მომაგონდა და ვუთხარი:
— რა ჰქენ, ლუკა, გადათარგმნე?
წინ დაწერილი ქაღალდი ედვა. ვიფიქრე ეს სწორედ ნათარგმნი იქნება-მეთქი და ხელი დავავლე გადასათვალიერებლად. დავხედე, — ლექსია.
— ეს რა ამბავია, ლუკა? — ვეკითხები.
— თარგმანის სამაგიეროდ ეგ ლექსი დავწერე. თარგმნის მაგიერობას გასწევს.
ამავე დღეს ვაჟამ გამოგვიცხადა, რომ რედაქციას თავს ანებებს: მე აქ მუშაობას ვერ შევძლებო. რედაქციას თათბირი ჰქონდა. და ასე გადავწყვიტეთ: მიგვეცა ვაჟასთვის თვეში ხუთი თუმანი, და ვაჟას, სამაგიეროდ, ევალებოდა თვეში რაიმე ნაწარმოები უსათუოდ მოეწოდებინა.
ვაჟა აიბარგა და გასწია თავის ჩარგალში. დაუბრუნდა არწივი თავის საყვარელ მთებს. ვაჟა სინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას. დროგამოშვებით ჩამოდიოდა ვაჟა ტფილისში, ხურჯინაკიდებული ცხენით. ხურჯინში ელაგა საგზალი: ხორცი, პური — ტფილისში საცხოვრებლად — და ლექსები, მოთხრობები, პოემა და კიდევ სხვა ნაწერები ფშაველების ცხოვრებიდან. დაუტოვებდა ყველა ამას რედაქციას და ისევ გაემგზავრებოდა თავისი საყვარელი მთებისაკენ. და ასე და ამგვარად მთის კაცი ვაჟა ჰკვებავდა სუსტს ქართულ მწერლობას, როგორც მთის პატარა ნაკადული, მდინარედ ქცეული, ჰრწყავს და სულს უდგამს ბარის გადამხმარ დედამიწას.
ერთ დღეს ჩვეულებრივ შემოვიდა ვაჟა, მთიდგან ჩამოსული, და წარმოგვიდგა წინ თავისი ძღვნით: ბოღჩაში გამოკრული ლექსებით და პოემებით. მხოლოდ რა სახით წარმოგვიდგა! მაგრამ წინასწარ საჭიროდ ვრაცხთ ორიოდე სიტყვის თქმას. ვაჟა გარეგნობით მშვენიერი სახის კაცი იყო: მაღალი, ტანადი, ბრგე, ჯან-ღონით სავსე. მისი გულ-მკერდი და თვალები ხომ ნამდვილ მთის არწივს მოგაგონებდათ. ხასიათით, ზნითაც ნამდვილი არწივი იყო, ამაყი, შეუპოვარი. დღეს აი ეს ბრგე კაცი წარმოგვიდგა და რა სახით: ჩამომხმარი, წელში მოხრილი, თვალებგადმობრუნებული, ჩამობღერძილი, დასნეულებული, სწორედ ფრთებდაშვებულ ბებერ არწივს მოგაგონებდათ. შეგვაძრწუნა ამ სანახაობამ და ერთხმად მივაძახეთ:
— ლუკავ, რა მოგსვლია? ვაჟავ, რა დაგმართნია?
აქ ვაჟამ გვიამბო თავის ჩვეულებრივ ეპიურ-დინჯი კილოთი შემდეგი სამწუხარო თავგადასავალი. მთაში დაეკლათ ჭირიანი ძროხა. ხორც დანატრებული ხალხი არ მოჰრიდებოდა ჭირს და საკლავი მთლად გაეტაცნათ. ვაჟაც სულს წაეძლია და ეყიდნა ხორცი. ეფიქრა: საცა ამდენი ხალხი, მეც იქაო. ამის იმედიც ჰქონდა: კარგად გავრეცხავ, მოვხარშავ და ჭირი რაღა ჭირს მომჭამსო. საწყალ ვაჟას არ გაუმართლდა ეს იმედი. და ახლა დასნეულებული, დასახიჩრებული ადამიანი იდგა ჩვენ თვალწინ. ეს კი იყო: ეს სნეულება ხორცს მოჰრეოდა და სულისთვის კი ვერა რა ევნო. რედაქციაში მოტანილ ლექსებს ისეთივე ბეჭედი ესვა დიდის, გაუნელებელი ნიჭიერებისა, როგორსაც აქამდინ მიჩვეულნი ვიყავით ვაჟასაგან.
ისედაც სიღარიბისაგან დაჩაგრული ვაჟა, ამ სნეულების გამო უფრო დიდს გაჭირვებაში ჩავარდა. წვრილშვილი იყო. ბევრს მუშაობდა, წელებზე ფეხს იდგამდა, მაგრამ მთის მწირი მიწა საკმაო საზრდოს არ აძლევდა. სიღარიბისათვის თავი ვერ აერთვა. დაგლეჯილ ჩოხაში გახვეული, მიღრეცილ-დაჯღანული ფეხსაცმელებით, თვალებზე შავი, მუქი სათვალეებით აფარებული შემოვიდოდა რედაქციაში, გახსნიდა თავის ბოხჩას და ამოალაგებდა ასეთ მარგალიტებს, როგორც: «გოგოთური და აფშინა», «ბახტრიონი» და მრავალი სხვა.
ვაჟას შემოქმედებით ძალას, ბუნებით მომადლებულ ნიჭს სნეულებამ ვერაფერი ავნო. მაგრამ ხორცი კი სძლია: ჩამოხმა; ეს, ოდესღაც მძლავრი კაცი, ჩონჩხად აქცია, ჭლექად ჩააგდო და უდროვოდ სიცოცხლეს გამოასალმა.

იაკობ მანსვეტაშვილი

Комментарии

Популярные сообщения из этого блога